მწვანე სია

დღევანდელი ბლოგი იმ ჩამონათვალით უნდა დამეწყო, თუ რა პროდუქტების დავიწყებაა აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის დაწყება ასე მტკივნეულად არ ღირს 🙂 საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ სიის სიმწარე და ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მსუბუქად მოგაწოდოთ ხოლმე მსგავსი ინფორმაციები. ასე რომ დავიწყებ პირიქით და დაგისახელებთ ყველა იმ სასარგებლო საკვებს, რომლებიც უნდა/შეგიძლიათ მიიღოთ თუ სწორად კვება გაქვთ გადაწყვეტილი.

მაშ ასე დავიწყოთ რთული ნახშირწყლებით – როგორც ცნობილია, არსებობს ნახშირწყლების (ჩვენი ენერგიის მთავარი წყაროს ) ორი სახეობა, გადამუშავებული და რთული ნახშირწყლები. გადამუშავებულ ნახშირწყლებს მიეკუთვნება ცომეული, ტკბილეული და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც მოგვიანებით სამწუხაროდ წითელ სიაში უნდა შევიყვანოთ (ნუ ნელ-ნელა და კუს ნაბიჯებით მაინც), ხოლო რთული ნახშირწყლები ეს არის ძირითადად ხილი და ბოსტნეული, რომელთა მიღებაც არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელიცაა.  ხილსა და ბოსტნეულს, მათი მიღების წესებს, სასარგებლო თვისებებს, მომზადების ხერხებსა და სხვა დეტალებს, როგორც ზოგადად ასევე კონკრეტულადაც, მოგვიანებით პოსტებში განვიხილავთ.

გამომშრალი მარცვლეული – დარწმუნებული ვარ ბევრი თვენგანი არ ცნობს ისეთ პროდუქტებს როგორიც არის მაგალითად ოსპი. თუმცა ოსპი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ბევრ ცილას, ანაყრებს მარტივად და არის საუკეთესო გარნირი სხვადასხვა კერძებისათვის. ასევე ლობიო (თეთრიც, წითელიც), თურქული ბარდა, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც შეგიძლიათ და უნდა მიირთვათ აუცილებლად. ცილებით ძალიან მდიდარია ასევე ქინოაც, თუმცა ჩემთვის პირადად 3-4 ულუფა მარცვლეულში 18 ლარის გადახდა პრინციპის ამბავია 🙂 ამიტომ ქინოას ფეტვით ვანაცვლებ და საკმაოდ წარმატებით.

უხეშად დაფქვილი ბურღული და გაღივებული მარცვლეული – ჰერკულესი და სხვა სახის ბურღული, თუნდაც პური, რომელიც არ შეიცავს საფუარს და არ არის პირველი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული (რომელიც ყველაზე მავნებელია). ასევე მთელი ხორბლის მარცვალზე დამზადებული მაკარონი (ვიპოვე „ევროპროდუქტში“, ფასი 5.5 ლარი),  ზომიერი ოდენობით წიწიბურის, ყავისფერი ბრინჯისა და კუსკუსიც (ასევე საკმაოდ ძვირი ღირს) მიღებაც შესაძლებელია. სელის თესლი, ხორბლის ქატო,  სხვა გაღივებული მარცვლეული ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო პროდუქტებია, რომლებზეც დეტალურად მოგვიანებით გესაუბრებით.

 

ფრინველისა და თევზის ხორცი, ზღვის პროდუქტები – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ვეგეტარიანელებს და დიდი სურვილი მაქვს მქონდეს მათი მოთმინების უნარი და გამძლეობა,  სამწუხაროდ ჩემთვის (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც) შეუძლებელია ხორცზე უარის თქმა. ქათმის ფილე, თევზი და ზღვის პროდუქტები, ცილისა და შესაბამისად დანაყრების შეგრძნების აუცილებელი წყაროა ჩემთვის და სხვა ბევრი ადამიანისთვის. ზღვის პროდუქტების ცხიმები კი შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისათვის. მათ სასარგებლო თვისებებსა და მომზადების წესებზე მოგვიანებით შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ.

რძის პროდუქტის ნაწილი და კვერცხი – რძე, ხაჭო, ზომიერი რაოდენობით ყველი, მაწონი, კეფირი.  მწყრის კვერცხი ასევე ძალიან რეკომენდირებული პროდუქტია (თუმცა რა თქმა უნდა არც ქათმისას ვუწუნებ რაიმეს :), (ნუ მთლად კვერცხის გულს მაინც ნუ მიეტანებით ).

მწვანილეული – ბოსტნეულისგან განცალკევებით, ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა მიიღოთ ყველანაირი სახის მწვანილი, რომლებიც სავსეა ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით, ბევრი მათგანი ეხმარება წონაში კლებას, არის კარგი დეტოქსის საშუალება და ფაქტობრივად არ აქვთ კალორია.

მცენარეული ცხიმები  – ზეითუნის ზეთი, გოგრის თესლის ზეთი, სელის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ეს ის ცხიმებია, რომლებიც არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელია ორგანიზმისათვის. მათი ზომიერი მიღება ხელს უწყობს წონაში კლებასაც კი, აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლას, კვებავს თმასა და კანს და ა.შ. მათ დეტალურ თვისებებზე მოგვიანებით ვისაუბრებ აუცილებლად. დასაწყისისთვის კი იცოდეთ, რომ წყალზე მოთუშული ბოსტნეულის მაგივრად თამამად შეგიძლიათ მიირთვად ზეითუნის ზეთზე მოთუშული ბოსტნეული. მთავარია დაიცვათ ბალანსი და წონაში დაკლების სურვილის შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დაშვებულ კალორიებსა და დახარჯულ ენერგიას შორის სხვაობას.

სახლის პირობებში მომზადებული სოუსები და სუნელები – კურკუმა, დარიჩინი, როზმარინი, კვლიავი და სხვა სუნელები, გარდა იმისა, რომ საუცხოო არომატებს სძენს სხვადასხვა კერძებს, არის მდიდარი ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, ეხმარება მეტაბოლიზმის აჩქარებაში და სხვ. რაც შეეხება სოუსებს – გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ლიმნის ან ლაიმის წვენი, მდოგვი, ორეგანო, თაფლი (რომელიც არ არის დიეტური პროდუქტი, მაგრამ შაქრის ბევრად სასარგებლო ალტერნატივაა). სახლში დამზადებული მსგავსი სოუსები არის ჯანსაღი, სასარგებლო და რაც მთავარია ძალიან გემრიელი!

 

თხილეული – ჩვენი გადამრჩენელი სმუსნაობის მოზღვავებისას. ნუში, ფსტა (ფისტაშკა), ქეშიუ და სხვ. ისინი შეიცავენ ბევრ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას, დიდი რაოდენობით ცილას, რომელიც დანაყრების შეგრძნებას მალე გვიჩენს და ასევე მაგალითად ნუში ანტისტრესული საკვებია. მართალია თხილეული ცხიმსაც შეიცავს, თუმცა ეს ჯანსაღი ცხიმებია, რომლებიც არც ცელულიტს გაგვიჩენს, არც ქოლესტერინს მოგვიმატებს და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შესძენს ჩვენს ორგანიზმს. მათთვის კი, ვინც წონაში კლებას გეგმავს, დავამატებ, რომ 100 გრამი თხილეული საშუალოდ 500-600 კალორიას შეიცავს, მაგრამ დღეში 30 გრამი არც წონის მატებას გამოიწვევს და უფრო ბედნიერადაც ვიგრძნობთ თავს.

ჩირი – ზოგიერთი ხილი, ჩირის მდგომარეობაში ინარჩუნებს და იუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების შემცველობას, მაგალითად ქლიავის ჩირი. მხოლოდ დარწმუნდით, რომ ჩირი არ არის დაშაქრული, გაპრიალებული, არ აქვს სხვადასხვა ქიმიური დანამატები.

შავი შოკოლადი – მჰმჰმჰმჰჰმჰმჰმჰ…. მეტი არაფერი მეთქმის, გარდა იმისა, რომ ჩემი პირადი რჩევა იქნება მიიღოთ მხოლოდ მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობის, პალმის ზეთისგან თავისუფალი და უშაქრო შოკოლადი. თუ გსურთ წონაში დაკლება დღიურ დოზას 30 გრამს არ გადააჭარბოთ, რადგან კაკაოს ცხიმი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. მე პირადად ვჭამ სტევიაზე (მცენარე, რომელსაც იყენებენ შაქრის მაგივრად და ნებადართულია დიაბეტის მქონე ადამიანებისათვის) დამზადებული 70% კაკაოს შემცველობის შოკოლადს, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე ნაკლებ ფასად (100 გრ, 1 შეკვრა 5.40 ლარი) სუპერმარკეტში „ევროპროდუქტი“. მისი ფასი შემოწმებული მაქვს „გუდვილის“, „კარფურისა“ და „ჯორჯიტას“ სუპერმარკეტებში.  ამ შოკოლადისგან მორიგ პოსტებში სხვადასხვა სასუსნავის დამზადებასაც გასწავლით <3

ჩაი – ეს არომატული სასმელი ძალიან სასარგებლო და გემრიელი ალტერნატივაა მაშინ, როდესაც მაგალითად ძალიან გვშია და თავის შეკავება გვიჭირს. მიირთვით მხოლოდ დასაყენებელი, ნამდვილი მცენარეული ჩაები. კონკრეტული ჩაის კონკრეტულ დანიშნულებებზე მომავალ პოსტებში დეტალურად ვისაუბრებ. დასაწყისისთვის კი უბრალოდ იცოდეთ, რომ სხვადასხვა ჩაის მირთმევა, უშაქროდ, თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ. განსაკუთრებით კი მწვანე, ბაბუაწვერას, პიტნის.

და ბოლოს, ე.წ. „სუპერფუდი“ – ესენია მარცვლები, ჩირები, ჩაები და სხვადასხვა საკვები პროდუქტები, რომლებსაც 10-ჯერ, 20-ჯერ და ზოგჯერ 50-ჯერ მეტი ვიტამინები და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებები გააჩნიათ, ვიდრე  დანარჩენ პროდუქტებს. სუპერფუდი ყველაგან არ იყიდება, თუმცა მომდევნო პოსტებში მე გასწავლთ მათთან მისასვლელ რამდენიმე გზას 🙂

ვფიქრობ რაიმე ხომ არ გამომრჩა? მგონი არა, თუ თვლით რომ რაიმე გამომრჩა, ან კითხვა გაქვთ რომელიმე პროდუქტთან დაკავშირებით მომწერეთ აქვე, მეილზე, ან სოციალურ გვერდებზე <3

შემდეგ პოსტში წითელ სიას გაგაცნობთ, მანამდე კი მოემზადეთ ფსიქოლოგიურად 🙂

მორიგ პოსტამდე <3

N.

9 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

0 Replies to “მწვანე სია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *