60 პელმენის ისტორია

1 0

მაშ ასე, დავიწყოთ ყველაზე მთავრიდან: რატომ უნდა ვთქვათ უარი უამრავ გემრიელ საკვებსა თუ სასუსნავზე, მუდმივად მივაქციოთ ყურადღება თუ რას, როგორ, რამდენს და როდის ვჭამთ  და რატომ უნდა მოვიკლოთ მეტი გართობა, იმისათვის, რომ დავუთმოთ დრო ვარჯიშსა თუ სხვა პროცედურებს.

პასუხი მარტივია: პირველ რიგში იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, ფიზიკურად და სულიერად მეტად ძლიერები, გვქონდეს ჯანსაღი სხეული, ვიყოთ მუდმივად ტონუსში, ენერგიულები, მუდმივად ახალგაზრდულები და უფრო ბედნიერები.

ნუ კი, გეთანხმებით, ეს ყველაფერი ძააალიან პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ რეალურად სიმართლეა 🙂  რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება პიცის ყველიან ნაჭერს, აჭარულ ხაჭაპურს, წვნიან ხინკალს, გემრიელ ბურგერს, ხრაშუნა ჩიფსებს, შუშხუნა გაზიან სასმელებს, შოკოლადის ნამცხვრებსა და არაამქვეყნიურად გემრიელ ნაყინებს (ხვდებით ხომ როგორ მიყვარს ეს ყველაფერი? 🙁 მეც თქვენიანი ვარ ) მაგრამ გარდა იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი გადამუშავებული ნახშირწყლები და ტრანსცხიმებია, რომლებიც ყველაზე მეტად მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისინი ზედმეტი, ორგანიზმისთვის არასაჭირო წონის მთავარი გამომწვევი მიზეზია. შედეგად ჩვენი სხეული დუნდება, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, თავს ვგრძნობთ უფრო სუსტად, დეპრესიულად (გულის სიღრმეში ფაქტობრივად ყველა ხვდება, რომ საბოლოოდ ამ ყველაფრის ჭამა აზიანებს ორგანიზმს, ნუ გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა – ) გვემატება წონა, რომელიც ცხიმის ხარჯზე იზრდება და არასასურველია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ხშირად ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ჩნდება ცელულიტი (რომელიც თავისთავად დაავადება არ არის, თუმცა, მისი გაჩენა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის შენელების ნიშანია, ანუ ორგანიზმი განიცდის არასასურველ ცვლილებებს) და სხვ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გემრიელი, მაგრამ მავნე პროდუქტის სტაბილურად მიღებას ბევრი სავალალო შედეგი მოსდევს, რომლებსაც ვერ აბალანსებს ის რამდენიმე წუთიანი სიამოვნება, რომელსაც მათი ჭამისას განვიცდით.

ახლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, საქმე ისაა, რომ მეც, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში, სხვა ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად, არაფრად ვაგდებდი ზემოთ ხსენებულ რისკებსა და საშიშროებებს, ვეტანებოდი ყველანაირ გემრიელ და არაჯანსაღ პროდუქტს და საერთოდ არ ვფიქრობდი შედეგებზე.

თუ ჩემს უახლოეს მეგობარს, თიკა დოლიძეს, ჰკითხავთ, ის დაგიდასტურებთ (მოწმეა ამ ფაქტის), რომ ერთ სადილზე 60 პელმენის შეჭმა თავისუფლად შემეძლო. მიყვარს ფაქტობრივად ყველანაირი ცომეული და ტკბილეული. თუმცა დაახლოებით 24 წლის ასაკში, როდესაც ჩემი სხეულის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ცვლილებებმა შემაწუხა, პირველად ავნერვიულდი.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება ერთბაშად არ შემოჭრილა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ერთ დღესაც გაღვიძება და შენი ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა რთულია, ამიტომ ყველაფერი, მათ შორის მოტივაციაც და გამოცდილებაც ნელ-ნელა მოვიდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  24 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩემს სხეულზე ცელულიტის პირველი ნიშნები გაჩნდა, ცოოტა უფრო სერიოზულად დავფიქრდი ამ საკითზე. თავიდან მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, როგორ უნდა მეთქვა უარი მაგალითად, ნაყინზე, ან პიცაზე, ან შოკოლადზე. შესაბამისად, ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ თუ მუდმივად ვივარჯიშებდი და საღამოს თავს შევიკავებდი ჭამისგან, ყველაფერი კარგად იქნებოდა. დავიწყე „ჯიმში“ სიარული, რომელსაც  მალევე დავენებე თავი, მომბეზრდა და მოტივაცია დამეკარგა დაახლოებით 3 თვეში. ვერაფრით  ჩავჯექი იმ რაღაც ჯადოსნურ „გრაფიკში“, როდესაც შენთვის ვარჯიში უკვე ორგანული ნაწილია და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია (ამბობენ არსებობს ვარჯიშის ე.წ. „ლომკაც“, რომლის განცდაც, სამწუხაროდ, მე არ მღირსებია ჯერ – ჯერობით). ამ პერიოდში რაღაც გარკვეული შეზღუდვებით ვიკვებებოდი, თუმცა, მქონდა დიდი ჩავარდნები, როდესაც კვირების განმავლობაში ლუკა (ლუკას ხშირად ვახსენებ ჩემს ბლოგში, რადგან  ჩემი ცხოვრების თანამგზავრია 🙂 )  შოკოლადს ვერ მაგდებინებდა ხელიდან. მსგავსი „შემოტევები“ ადამიანს მაშინ ემართება,  როდესაც დიდხანს ამბობს გემრიელ საკვებზე უარს, შემდეგ გონება ეკეტება და ერთბაშად ეძგერება ყველაფერს არაჯანსაღსა და გემრიელს. შემდეგ რაღაც პერიოდი აქვააერობიკაც ვცადე, (რომლის დადებით მხარეებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ), თუმცა, აქაც ვერ მივაღწიე იმ ფაზას, რომ სტაბილურად მევარჯიშა. ვივლიდი 1-2 თვე, მერე ვანებებდი, მერე ისევ რამდენიმე კვირა, მერე კვლავ ვანებებდი. სულ მბეზრდებოდა, მეზარებოდა, თავს ძალას ვერ ვატანდი.

გადამწყვეტი დრო დადგა მაშინ, როდესაც 2017 წლის ახალი წლების პერიოდში (საგრძნობლად დიდი დრო იყო გასული ჩემი ბოლო ვარჯიშის მცდელობიდან), უბრალოდ წარმოუდგენელი რამ ჩავიდინე და დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში, მარტომ შევჭამე 3 კილო შებოლილი ლორი, რომელსაც მივირთმევდი ლობიანთან და სხვა ცომეულთან ერთად და, რა თქმა უნდა, არ ვიკლებდი არც ტკბილეულს. (მანამდე ერთი თვით ადრე ლუკამ შოტლანდიიდან „ტობლერონის“ შოკოლადები ჩამომიტანა და ზუსტად 3 კილო ტობლერონი შევჭამე 3-4 დღეში. სულ ერთი ციცქნა ნაწილი გავუნაწილე ჩემს თანამშრომელს და ამასაც ვნანობდი, მაპატიე თათია –  🙂 ). შედეგად მივიღე ჩემთვის აქამდე უცნობი მდგომარეობა, მოვიმატე 5 კილო. ვერ ვეტეოდი საკუთარ შარვლებში, გამიჩნდა ღიპის მაგვარი სიმრგვალე და ე.წ. „გადმოსული გვერდები“, მოკლედ კარგი დღე არ დამადგა (ცელულიტზე აღარ ვისაუბროთ)… დამემართა პანიკა, დამეწყო დეპრესია. ჩემთვის, რომელიც მუდმივად ვიწონი 48 კილოს, ვჭამ ყველაფერს და არ ვსუქდები და, რაც მთავარია,  ვმუშაობ მოდელად, ყოვლად დაუშვებელი იყო მსგავსი „ცვლილებები“.

და აი ამ „გასაჭირში“ რომ ჩავვარდი, ალბათ სამყარომ იგრძნო, რომ აუცილებლად მჭირდებოდა დახმარება და დამირეკა ერთმა ძალიან კარგმა გოგომ, ნინო ქურიძემ, რომელმაც შემომთავაზა  ახალი და ძალიან, ძალიან კარგი სავარჯიშო დარბაზი “Champions Academy” (რეკლამას არ ვაკეთებ, ჩემი გულწრფელი აზრია –  🙂 ), სადაც მივაგენი ჩემთვის იდეალურ ვარჯიშს (ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად შემდეგ პოსტებში ვისაუბრებ), და პარალელურად აქტიურად დავიწყე  ინფორმაციის მოძიება ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.

ახლა უკვე 3 თვეზე მეტია, სტაბილურად ვვარჯიშობ, ვიკვებები სწორად, მივაგენი ბევრ „საიდუმლოს“, თუ როგორ უნდა ჭამო ჯანსაღად, ისე, რომ ცხოვრება არ შეგზიზღდეს, ჭამო გემრიელობებიც და  იყო ბედნიერი. რაღა თქმა უნდა, დავიკელი წონაში და ამჟამად ვარ 51.5 კილო (კუნთის გაზრდის ხარჯზეც). დავიბრუნე საკუთარი, ბუნებრივი ფორმები, სხეულის ისეთი აგებულება, რომელიც ჩემი საკუთარი თავისთვის მისაღებია და, რაც მთავარია, ვარ ფიზიკურად და სულიერად ბევრად ძლიერი, ჯანსაღი და ბედნიერი (მართლა 🙂 ).

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გავიგე, წავიკითხე და საკუთარ თავზე გამოვცადე ბევრი ისეთი დეტალი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისათვის. თუ ადევნებთ თვალყურს ჩემს ბლოგს, დაწვრილებით გაგიზიარებთ ყვეელაფერს, მათ შორის ჩემს პირად პროგრესსაც 🙂

საკმაოდ დიდი სტატია გამოვიდა და ერთი დღისთვის მგონი საკმარისზე მეტია 🙂

არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი კითხვა, რჩევა და კომენტარი მომწერეთ კომენტარების ველში, მეილზე, ან სოციალურ გვედებზე <3

XOXO, N.

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

0 thoughts on “60 პელმენის ისტორია

  1. ნათი, Champions Academy-ზე მაინტერესებს, ფასი (ლოკაცია ვნახე) რა ტიპის პროგრამაა, სირთულე, რამდენად კარგად და როგორ ავარჯიშებენ/ითვალისწინებენ მოთხოვნებს, იმიტომ რომ სადაც ვყოფილვარ და მითქვამს, რომ ფორმების გამოსწორება/დაკლება მინდა, ყველგან დამცინიან, ჩხირი ხარ პირიქით მომატება გინდაო.

    1. ნიკი, Champions Academy არის ახალი გახსნილი 4 სართულიანი. თითოეულ სართულს აქვს სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება. პირველი არის ძირითადად წონებზე სამუშაოდ, მეორე სატრენაჟორო დარბაზია საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი, მე-3, ჩემი საყვარელი სართული, ე.წ. Staystrong კლასებს ეთმობა, მწვანე მოლზე ვარჯიშობ აქტიურად, მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში სხვადასხვა სახისა დატვირთვის ვარჯიშებს, რომელიც მოცავს როგოც კარდიო, ასევე წონებით ვარჯიშს და არის იდეალური წონაში დასაკლებად, გამძლეობის და სიძლიერის მოსამატებლად და მე-4 ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სართული, MMA -ის სართული. აქ შეგიძლია დაკავდე როგორც ბოქსით, ასევე სხვა საბრძოლო ხელოვნების ნაზავით, ისწავლი თავდაცვას, სხვადასხვა ილეთებს და + იდეალური კარდიო ვარჯიშია, რომელიც ასევე წონაში საკმაოდ გაკლებინებს. მე ვარ აღფრთოვანებული MMA-ითა და Staystrong კლასებით, რომელიც სხვათაშორის სხვაგან არსად არ არის მე რამდენადც ვიცი და ძალიან ვუწევ რეკომენდაციას. არის სახალისო, საინტერესო, მუდმივად განსხვავებული ვარჯიშებით და საკმაოდ ძლიერად იტვირთები. ნებისმიერი დამატებითი კითხვით მომწერე <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *